დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა

რვა წევრი და ექვსი თვე სამუშაოდ – თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მუშაობას იწყებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2004-12 წლებში ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას შესაბამისი დასკვნით უნდა მიმართოს. მიზანი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ძალად გამოცხადებას და მის პოლიტიკურად აკრძალვას გულისხმობს. დაგეგმილია წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების დაბარებაც. კომისიის წევრები დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას სთხოვენ მოქალაქეებსაც. გეგმაა 2008 წლის საომარი მოქმედებების გარემოებების გამოძიებაც. 10-წევრიან კომისიაში თავისუფალი რჩება ორი ადგილი, რომლებიც გიორგი გახარიას პარტიისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ოპოზიციის კვოტებით კომისიაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისგან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები ჩაერთვებიან. ხელისუფლების ოპონენტები კომისიის გეგმას ოპოზიციის განადგურების მცდელობად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს, რატომ დადგა დღის წესრიგში შესაბამისი კომისიის შექმნის საკითხი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 12 წლის შემდეგ.