დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა

სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ტრამპი თვითმფრინავში ჟურნალისტებს შეხვედრის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „სი ძინპინი დიდი ლიდერია“. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ. ამასთან, უკრაინის საკითხზე საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სი ძინპინთან შეთანხმდა ამ მიმართულებით „ერთად იმუშაონ“. მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონში ამ ვიზიტის შემდეგ ჩავა. პარალელურად, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა სი ძინპინის განცხადება, რომელიც მან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სი ძინპინმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიაღწია კონსენსუსს „მთავარ სავაჭრო საკითხებზე“.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინური და ამერიკული გუნდები იმუშავებენ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც იქნება „დამამშვიდებელი აბი“ ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთობლივად აჩვენონ დიდი სახელმწიფოებისთვის შესაფერისი პასუხისმგებლობა, ერთად იმუშაონ და განახორციელონ უფრო მნიშვნელოვანი, პრაქტიკული და სასარგებლო საქმეები ორივე ერისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სი ძინპინმა.