დონალდ ტრამპის საქმე

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

სწორედ ახლა ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური მანჰეტენის ოლქის მთავარი პროკურორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეცნობა და მოწმეთა ჩვენებებს ისმენს, რომელთა საფუძველზე უნდა გადაწყდეს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარსადგენად. საქმე წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევას ეხება.

2024 წელს ამერიკაში ისევ საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობისთვის ბრძოლას კიდევ ერთხელ გეგმავს ტრამპი, რომელსაც არჩევნების დღის გატარება შესაძლოა არა საკუთარ შტაბში, არამედ ბრალდებულის რანგში, სასამართლო პროცესზე მოუწიოს.