დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი გრენლანდიელი სთხოვს შეერთებულ შტატებს იყიდოს გრენლანდია. ვიდეო პოლიტიკოსის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის გუნდმა გადაიღო, რომელიც კუნძულს იანვრის დასაწყისში ეწვია. „მადლობა გრენლანდიის შესანიშნავ ხალხს ჩემი შვილის, დონ უმცროსისა და სხვა წარმომადგენლების ასე კარგად მიღებისთვის. ისევ შევხვდებით – მალე!” – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

პარალელურად, გრენლანდიის პარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, პიპალუკ ლინგე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შვილის ვიზიტი დადგმული იყო, თითქოს გრენლანდიელები არიან ტრამპის მოძრაობის, MAGA-ს მხარდამჭერები და სურთ აშშ-ის ნაწილად ყოფნა. დანიის პრემიერ-მინისტრი კი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. დანიის პრემიერი-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს საუბარი შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.