დღეს ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგება. საუბარი შეეხება უკრაინაში ომის დასრულებას, თუმცა, კონკრეტული დეტალები უცნობია. როგორც თავად დონალდ ტრამპი ამბობს, დისკუსიები შეეხება ტერიტორიულ საკითხებს და ენერგეტიკულ ობიექტებსაც. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერთან სატელეფონო ზარი „დიდი საქმეა“. მას იმედი აქვს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობას განიხილავს, რომლებიც, მისი თქმით, ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან გარშემორტყმული. დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ორივე მხარე, აშშ-ის შუამავლობით, შეძლებს ცეცხლის შეწყვეტასა და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში მისი კამათი ზელენსკისთან იყო უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არ მიუყენებია არანაირი ზიანი უკრაინის არმიისთვის.