დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკურ ომსა და იზოლაციას“ იწყებს. დონალდ ტრამპის თქმით, თეირანს შეთანხმებისთვის არაერთი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მან მათი გამოყენება ვერ შეძლო. მისი თქმით, ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, ვალუტა გაუფასურებულია, ქვეყანა კი – ბეწვის ხიდზე დგას. ტრამპმა ასევე გააფრთხილა ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ირანს ფინანსურ ან სხვა სახის დახმარებას გაუწევენ, რომ მათაც მძიმე ეკონომიკური შედეგები დაემუქრებათ. ამერიკის ლიდერის თქმით, ახალი ზომები ირანის სრულ იზოლაციასა და მისი ტერორიზმის მხარდაჭერის შესაძლებლობის შემცირებას ისახავს მიზნად და აღნიშნა: „ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.