დონალდ ტრამპის და კირ სტარმერის შეხვედრა

12:20, 19.09.2025

გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. „ტექნოლოგიური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმება“ მხარეებმა ბიზნესლიდერებთან შეხვედრაზე გააფორმეს. დონალდ ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „მტკიცე და ურყევი კავშირი“ უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვიდი ომი მოაგვარა. მისი თქმით, დაუსრულებელი დარჩა მხოლოდ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის მოგვარებაც ყველაზე მარტივი ეგონა, თუმცა, ვლადიმერ პუტინმა მას იმედები გაუცრუა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, უკრაინაში ომის მსხვერპლი ძალიან დიდია და ეს ვალდებულს ხდის, კონფლიქტი დროულად მოაგვაროს. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან განიხილა, თუ როგორ გააძლიერონ თავდაცვა, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას და მტკიცედ გააძლიერონ ზეწოლა პუტინზე, რომ ხანგრძლივ მშვიდობას დათანხმდეს. კირ სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული კატასტროფის დასასრულებლად და მძევლების გასათავისუფლებლად. გაერთიანებულ სამეფოში დონალ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ვიზიტი პომპეზურობით და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით გამოირჩეოდა. დონალდ და მელანია ტრამპები უინძორების სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.

მსგავსი