პირველი გზავნილი ამერიკის პრეზიდენტისგან საქართველოს მისამართით: მეორე ვადით საპრეზიდენტო უფლებამოსილების დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ აშშ-ის პირველი პირის განწყობები და დამოკიდებულება იმ წერილში იკითხება, რომელიც ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საათის წინ გამოუგზავნა და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თეთრი სახლის ლიდერი მიხეილ ყაველაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ისტორიული თარიღის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. წერილის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთგულია, რომ საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები განამტკიცოს. გზავნილია, რომ ამერიკა სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ელოდება. ექვსი თვის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე არაერთგვაროვანი პროგნოზებია, თუ როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
მმართველი გუნდი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ურთიერთობის გადატვირთვას აანონსებს, თუმცა კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულმა მეგობარმა აქტმა ახალი კითხვები გააჩინა. გაჩნდა თუ არა დღევანდელი წერილით ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა – პროგნოზები და შეფასებები არაერთგვაროვანია.