დოკუმენტი „სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

ორგანიზაციის სახელით მომზადებულ დოკუმენტში კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციებია გაწერილი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსამართლეების შერჩევის არსებულ წესზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტშიცაა ჩაწერილი. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაციას ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავარ პრობლემად ქართულ სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას ასახელებენ. მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარებას, მოსამართლეების არჩევის წესის გადახედვას და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას ხელისუფლებას 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტიც ავალდებულებს. რეფორმის მომზადებამდე მართლმსაჯულების საკითხი პოლიტიკური უთანხმოების და მესამე სექტორის კრიტიკის მთავარ თემად რჩება.