დმანისში მომხდარი ინციდენტი - აშშ-ის საელჩოს განცხადება

დმანისში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებულია სოფელ განთიადის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. ის სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა. გამოძიების ინფორმაციით, მან წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

ინციდენტს ამერიკის საელჩო ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში. ქვეყნის მასშტაბით, ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა, წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს, მთავრობის ერთგულებაზე, უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. საელჩო სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად ძირითად პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააორმაგოს ძალისხმევა რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა. ოპოზიციის ნაწილი საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას იზიარებს და აცხადებს, რომ ყველა ძალადობრივ ინციდენტზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ მმართველი გუნდი კრიტიკას არ იზიარებს.