დმანისში ადრექრისტიანული ტაძრის ნაშთები აღმოაჩინეს
დმანისი კვლავ არქეოლოგებისა და მკვლევრების ყურადღების ცენტრშია. პირველი ევროპელების სამშობლოში მიწაში დამარხული ისტორიის კიდევ ერთი თავი ცოცხლდება. სოფელ განთიადთან მიმდინარე ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი ტაძრის ნაშთები, სავარაუდოდ, ადრექრისტიანულ ხანას განეკუთვნება. უნიკალური არქიტექტურული დეტალები, ამბიონისა და კანკელის ფრაგმენტები, ასევე სახურავის კონსტრუქციები მკვლევრებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ აქამდე უცნობი ძეგლი გასულ წლებში აღმოჩენილი ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა. თავად ნაგზაურის კომპლექსი ქვემო ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, სადაც არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ახორციელებს.
ახალი აღმოჩენა ქვემო ქართლის ადრექრისტიანული ხანის საეკლესიო არქიტექტურისა და მონასტრული ცხოვრების ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვან დამატებით შესაძლებლობას ქმნის.