ჟოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში

„ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად,“ –  ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, და სურდა ეს გზავნილი პირადად ჩამოეტანა საქართველოში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რადგან არსებობს ძალისხმევა, რაც რეკომენდაციების შესრულებას სჭირდება. ბორელი პრესკონფერენციაზე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას, რუსეთის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს კონტექსტში და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

საქარველოს პრემიერმა კი იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. „ვიმედოვნებ, ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.