ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი წინა მოლაპარაკებების მსგავსად, ჩაიშალა, რადგან რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს მაშინ, როცა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. მანამდე, ქართულმა დელეგაციამ, ძირითადი აქცენტი გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.