ჟენევის მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი

12:15, 28.06.2025
 ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. საქართველოს დელეგაციას მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება. ცნობისთვის, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი