ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი

ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი სახელმწიფო მინისტრმა შეაფასა. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, უკანონო ანექსიის, უკანონო დაკავებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქართულმა მხარემ ისევ დააყენა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი, მათ შორის განხილული იყო ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.