ჟენევის მოლაპარაკებები

საოკუპაციო ხაზთან გაუარესებული ვითარების დეესკალაციისთვის ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები კონკრეტულ ინიციატივებს მოამზადებენ. ეს არის მთავარი შედეგი, რომლითაც ჟენევაში დღევანდელი რაუნდი დასრულდა.

საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივები ყველა მხარეს გაეგზავნება, მათ პოზიციებს კი შემდეგ რაუნდებზე მოისმენენ.

ეს იყო პირველი რაუნდი, რომელზეც რუსულ დელეგაციას ახალი ხელმძღვანელი წარმოადგენდა. სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო, რომელმაც გრიგორი კარასინი შეცვალა, შვეიცარიაში ნაცნობი რიტორიკით ჩავიდა. დიპლომატმა თქვა, რომ არ არსებობს არც ოკუპაცია და არც კონფლიქტები.

ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა. თუმცა როცა საუბარი დევნილთა დაბრუნების პროცესზე დაიწყო, რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკება დასრულებულად გამოაცხადა.