გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომელთაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს. როგორც „შპიგელი“ წერს, ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან იღებდა დავალებებს. ისინი ეჭვმიტანილი არიან დივერსიის მოწყობის მცდელობაში, მათ შორის, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, ხოლო მიზანს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენდა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები პოლიციის სპეცრაზმმა ბავარიის მიწაზე აიყვანა. „შპიგელის“ ცნობით, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს. აღნიშნულმა პირმა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურების ყურადღება 2014-2016 წლებში მიიქცია. როგორც ცნობილია, ის ამ დროს იბრძოდა უკრაინაში, სეპარატისტების მხარეს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა მას რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. გამოძიების ცნობით, ის 2023 წლიდან ეკონტაქტებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს და უზიარებდა იდეებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების ჩატარების შესახებ. როგორც იუწყებიან, დიტერ ს. დათანხმდა გერმანიის სამხედრო ობიექტებზე იარაღის საწყობებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქებები მოეწყო.