დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში 

დიუშენის სინდრომის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. ეს არის მეორე შეხვედრა მას შემდეგ, რაც პრემიერთან მშობლები კონკრეტული მედიკამენტების შეძენაზე და სამუშაო ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მშობლებს აინტერესებდათ, რა ეტაპზეა შესაბამისი მედიკამენტების შესყიდვის პროცესი. როგორც ირკვევა, სამინისტრო გარკვეული არხებით უკვე კავშირზეა იმ კომპანიებთან, რომლებისგანაც წამლების შეძენა უნდა მოხდეს. მშობლებმა მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ პროცესის დასაჩქარებლად კომუნიკაციის დროს რამდენიმე წყაროს გამოიყენებენ. საუბრის თემა იყო მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის საკითხიც. დღევანდელი შეხვედრა თავად მშობლების ინიციატივით გაიმართა, მათ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს გარკვეული წინადადებებიც გააცნეს. ორთვიანი აქციების შემდეგ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების შესაბამისი წამლებით სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილება 4 ივნისს, პრემიერსა და მშობლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. საუბარია ორი მედიკამენტის შეძენაზე.