დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა საპატრიარქოში

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლები დღეს ახლად არჩეულმა პატრიარქმა მიიღო. საპატრიარქოში გამართული ორსაათიანი შეხვედრით მშობლები კმაყოფილები არიან. მათი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღეს დაპირება, რომ ხელისუფლებასთან და ყველა მხარესთან ექნება კომუნიკაცია. მშობლების განმარტებით, შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი მათი, საპატრიარქოს წარმომადგენლების და ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. მშობლები ამბობენ, რომ დაავადების და მისი სამკურნალო პრეპარატების შესახებ უწმინდესსა და უნეტარესს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მშობლების თხოვნაა, რომ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში სამკურნალოდ დაშვებული წამლები საქართველოშიც შემოიტანონ და სახელმწიფო პროგრამაში გაითვალისწინონ. მათი თქმით, მედიკამენტები დაავადების პროგრესირებას ხელს უშლიან. პრეპარატების დაშვების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლები ამბობენ, რომ საპატრიარქოში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება – მათ საპატრიარქოსგან ქმედითი ნაბიჯების იმედი აქვთ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა მოთხოვნას კიდევ ერთხელ ეხმაურება პრემიერ მინისტრი. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მთავრობა მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის საპატრიარქოსთან.  მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში უნდა გაგრძელდეს. სამუშაო ფორმატში კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს მიხელ სარჯველაძეც. ჯანდაცვის მინისტრმა  საკითხზე კომენტარი ჟენევაში გააკეთა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს. მინისტრი ამ თემას ბელგიისა და  პოლონეთის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან და და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროსაც შეეხო. სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს სხვადასხვა ქვეყანაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების გამოყენების  გამოცდილება და შედეგები, რათა ქართველი პაციენტები შეცდომებისგან დაზღვეულები იყვნენ.