სად გადის ზღვარი დიპლომატიური პროტოკოლის დაცვასა და პოლიტიკაში ჩარევას შორის – კითხვა, რომელიც ამერიკის ელჩის მიმართ საფრანგეთის საგარეო უწყების და ახლა უკვე პრეზიდენტის კრიტიკამ გაააქტიურა.
სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი მწვავე რიტორიკის ფონზე მაკრონის გზავნილმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია. საფრანგეთის პირველმა პირმა აშშ–ის ელჩს დიპლომატიის წესების დაცვისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა განცხადება, რომელიც მაკრონის მხრიდან ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არასაკმარის ზომებს ეხებოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია მოსაწონია საქართველოს მმართველი პარტიისთვის, რომლის ლიდერები ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპის ქვეყნების ელჩების მიმართ კრიტიკას არ ერიდებიან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არგუმენტით ვენის კონვენციის დარღვევაში სდებენ ბრალს. მათ შორისაა საქართველოში საფრანგეთის უკვე ყოფილი ელჩიც.
როგორც წესი, მსგავს განცხადებებს არანაკლებ მძიმე რეაქციები მოსდევს ადრესატებისგან, რომლებიც მმართველი პარტიის საპასუხო გზავნილებს ანტიდასავლურ რიტორიკად მიიჩნევენ. ამ კონტექსტში დღეს ხელისუფლების პირველმა პირებმა ორმაგ სტანდარტზეც მიანიშნეს.