დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რთველში
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე თანამედროვე წარმოების ტენდენციებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.