დიპლომატის გამოძევება

მოსკოვის პასუხი თბილისს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღეს. ნოტაში აღნიშნულია, რომ „ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო მოქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე“.

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საუბარია სექციის ერთ-ერთ თანამშრომელზე.