დიმიტრი პესკოვის განცხადებას ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან

საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დიმიტრი პესკოვის განცხადებას ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან.

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ნიუ იორკში გამართული შეხვედრა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რასაც ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებაც ადასტურებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოსთან პირისპირ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დარჩეს და დაასუსტოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

ჟენევის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას პარტია „ევროპულ საქართველოში“. ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრა მათთან კომუნიკაციის შემდეგ გაიმართა. მათივე განცხადებით, ჟენევის შეხვედრები უნიკალური ფორმატია და მას საფრთხე არ ემუქრება. განცხადებები კეთდება დიალოგის აუცილებლობაზეც, მათ შორის ოკუპანტ სახელმწიფოსთანაც, რომელსაც აქვს შესაძლებლობა აღმოფხვრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში იმედოვნებენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს.