მედვედევი - კონფლიქტის დაწყება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი იყო

2008 წლის კონფლიქტის დაწყება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი იყო, – ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა კომერსანტთან ვრცელ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში დაძაბულობა 1990-იანი წლებიდან შეიმჩნეოდა და “პრობლემის საფუძველი ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებიც მაშინ თბილისში მიიღეს.” ამავე ინტერვიუში მედვედევი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომის დაწყებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა.

მისივე განცხადებით, 2008 წელს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება მან და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივად მიიღეს. “კომერსანტთან” ინტერვიუში დიმიტრი მედვედევი საუბრობს ნატო-ზე და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით, თუ ეს საქართველოსაც ეხება.

 

დატოვე კომენტარი