დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება

მოსამართლეების ქონება და ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებები განხილვის მთავარი საკითხია დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკრებაზე.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, დოლიძესა და ჯანეზაშვილს საკუთარი შეფასებებისთვის ახსნა-განმარტება მოსთხოვა. გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. მისივე თქმით, ამ სიუჟეტის საფუძველზე საზოგადოებამ საბჭოს წევრთა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო შეფასებები მოისმინა. საუბარია არამოსამართლე წევრებზე.

ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლო ხელისუფლება გახრწნის პირას არის. ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ მოსამართლეების ქონების საკითხზე პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. სხდომას ესწრებიან ის მოსამართლეებიც, რომელთა ქონებაც დავის საგანი გახდა.

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა საბჭოს წევრებს დღეს მისი ფინანსური ვალდებულებების დოკუმენტაცია წარმოადგინა. მოსამართლე ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით ნათლად დასტურდება მის საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობა.