დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. არტისტი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მიმდინარეობდა. მსახიობის ოჯახს კოლეგები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები უსამძიმრებდნენ.

ასევე, საქართველოს სახალხო არტისტის, დიმა ჯაიანის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად.

დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ისე კინოში.