„დიფ სთეითის“ გავლენები - პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

„ქართულ ოცნებაში“ ისევ საუბრობენ ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზე. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არათუ „დიფ სთეითის“ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშანიც კი არ იკვეთება. უმრავლესობის ლიდერი აქცენტს აკეთებს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რადგან სწორედ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ აამოქმედა წინა კვირაში ახალი სასანქციო პაკეტი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეცვლის მიზნით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს და სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას თუ ბოლოდროინდელ მკაცრ გზავნილებს, „დიფ სთეითის“ გავლენით ხსნის. მდინარაძის განმარტებით, შტატების პოზიციით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკას სამართლიანი პოზიცია ექნება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც მმართველი გუნდის პოზიციას ანტიდასავლურ რიტორიკად აფასებენ. ოპონენტების პოზიცია სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რადგან მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, ოპოზიციაც გარე ძალების დავალებებს ასრულებს.