დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით მიყენებული ზარალის დათვლა იწყება.
ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, განადგურებული ინფრასტრუქტურა – ყველაზე მძიმე კვალი რამდენიმედღიანმა თოვამ გურიაში დატოვა, სადაც რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი რაიონულ ცენტრს ამ დრომდე მოწყვეტილია. აბონენტთა უმრავლესობას დენის მიწოდება აღუდგა, თუმცა ენერგომომარაგების მხრივ კვლავ რჩება პრობლემები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. გრძელდება შიდა სასოფლო გზების წმენდა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. სტიქიის ზონებში ჩავიდნენ გეოლოგებიც. დასახლებებში, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებდა, დიდთოვლობის თანმდევი სტიქიური პროცესების საფრთხე გაზრდილია. ზარალი დიდია იმერეთშიც. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სწავლის სრულად აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება.