დიდთოვლობის გამო, საქართველოს მასშტაბით 800-მდე სკოლაშია შეჩერებული სასწავლო პროცესი. აჭარაში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში სრულად შეჩერებულია სწავლის პროცესი, სამეგრელოს, სვანეთის და იმერეთის რეგიონებში კი, მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე. განათლების მინისტრის განცხადებით, უწყება მონაწილეობს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში და სრულად არის ინფორმირებული. მინისტრის განცხადებით, სკოლის შენობები თავდაცვის უწყების ძალებს დაუთმეს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულები. ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის აღდგენამდე სრულად შეისწავლიან დიდთოვლობისგან დაზიანებული სკოლების შენობების უსაფრთხოებას და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი. ასევე, მოგვიანებით გადაწყდება, თუ რა ფორმით აღდგება გაცდენილი საათები.