დიდთოვლობამ გურიაში პრობლემები შექმნა – გზების ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. რეგიონის რამდენიმე სოფელი გაზის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფები. იწმინდება მთავარი გზები; შიდა გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა რჩება სოფლები, სადაც გზები არ გაწმენდილა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გადაუღებელი თოვის გამო, მოძრაობის სრულად აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ლანჩხუთის საჯარო სკოლებში ორი დღით შეწყვეტილია სწავლის პროცესი, საბავშვო ბაღებში კი სამი დღით.