დიდთოვლობა ზუგდიდში

სწავლის პროცესი შეწყვეტილია ზუგდიდის სამ სკოლაში. მაღალი ზონის სოფლებში – ჯუმი, ოდიშისა და აბასთუმნის სასწავლებლები მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზეზით დროებით დახურულია. სასკოლო ტრანსპორტი ვერ მივიდა სოფლების ზოგიერთ უბანში მოყინული გზისა და რთული რელიეფის გამო. სხვა საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა დასწრება შემცირებულია.

მუნიციპალიტეტში სულ 51 საჯარო და ექვსი კერძო სკოლაა. რეგიონში დიდთოვლობამ ძირითადად პრობლემა ფოთში შექმნა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი. აბაშის, ხობის სკოლებისა და ბაღების ნაწილში ასევე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.