დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს იმერეთშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. რეგიონში თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში ორ მეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდათში, ვანში, ხარაგაულსა და სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო.
სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია თავდაცვის ძალებიც, ამ დროის მდგომარეობით ჩაკეტილია ექვსი სოფელი. მუნიციპალიტეტებში ორი დღეა, მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც ექვს მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაწმენდილია, თუმცა, მძიმე ტექნიკა მუშაობას აგრძელებს შიდა სასოფლო გზებზე. ადგილობრივების განცხადებით, კვლავ რჩებიან მუნიციპალიტეტში ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება.