დიდთოვლობა საქართველოში - ვითარება რეგიონებში

მეორე დღეა გადაუღებლად თოვს დასავლეთ საქართველოში. ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა ქუთაისში. აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გადაადგილება გართულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ქალაქის ქუჩებს თოვლის საფარისგან ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალის გამოყენებით წმენდენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან ძლიერი ნალექი გაწმენდით სამუშაოებს ართულებს. სამუშაოები ეტაპობრივად ყველა უბანში განხორციელდება.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან რეგიონებშიც. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, წუხელ ზუგდიდის 8 სოფელში ელექტრომომარაგება აღდგა. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ 14 სოფელში, 19 ჯგუფი თოვლისგან დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენით სამუშაოებზე მუშაობს.

ზუგდიდში ქალაქის ცენტრალური გზები და სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, მუშაობს 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. ზუგდიდის მერის ინფორმაციით, ამჟამად შიდა საუბნო გზების წმენდა მიმდინარეობს ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას. უამინდობამ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის გამო გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დაზიანების ადგილებზე რჩებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება.