გურიისა და აჭარის რეგიონებში ისევ რთული ვითარებაა.
დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თოვლის საფარის სიმაღლე ზოგან სამ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მათ ნაწილთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჩახერგილი გზები, იმის მიუხედავად, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება ისევ ვერ ხერხდება. გურიაში უკვე მეორე დღეა მოქმედებს სპეციალური საკოორდინაციო შტაბი, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები იგეგმება. თავდაცვის ძალებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პროცესში ჩართულები არიან მოხალისეები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დიდთოვლობამ პრობლემები გამოწვია იმერეთის რეგიონშიც.
სინოპტიკოსები გამოდარებას 28 თებერვლიდან პროგნოზირებენ – თეა აბსარიძე მუშაობს სტიქიის ზონაში, რომელიც ადგილიდან ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.