დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში
გურიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. ოზურგეთში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლოეს საათებში მოხდება კავშირის დამყარება იმ სოფლებთან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილია. საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ, რათა მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაცია აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მობილიზების პარალელურად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალებიც.