ერთი დაღუპული, გარესამყაროს მოწყვეტილი დასახლებები, ჩაკეტილი გზები – დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა.
ყველაზე მძიმე ვითარება გურიასა და სამეგრელოშია. ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში სახლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მაღალმთიანი სოფლების ნაწილი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება. თოვლის საფარი ზოგიერთ დასახლებაში ორ მეტრს აჭარბებს. ტექნიკას ცალკეულ სოფლებამდე ჯერ არ მიუღწევია. მიზეზად რთული რელიეფური პირობები სახელდება. ოთხი დღეა, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გარეშეა დარჩენილი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. შიდა სასოფლო გზები პარალიზებულია. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა მეწყერსაშიშ ზონებში, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა. არანაკლებ მძიმე ვითარებაა აჭარაშიც. ბათუმში გადაადგილება ახლაც შეფერხებულია. სტიქიასთან ბრძოლას უამინდობა კიდევ უფრო ართულებს – გურიასა და აჭარაში ახლაც თოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მობილიზების პარალელურად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩართეს. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა სამეგრელოსა და იმერეთშიც. ცენტრალური გზების ნაწილზე შეზღუდვებია დაწესებული.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ გურიას – თეა აბსარიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას სტიქიის ზონიდან.