დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში 

დიდთოვლობა, ქარბუქი, შეზღუდვები გზებზე და შვიდ ბალიანი შტორმი – საქართველოს უმეტეს ნაწილში უამინდობისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. განსაკუთრებით რთულია ვითარება მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს. უხვი ნალექის შედეგად გაძნელებულია გადაადგილება, აბონენტთა ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია სპეცტექნიკა, შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საავტომობილო უღელტეხილებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს, მგზავრობის შემთხვევაში ზამთრის საბურავები გამოიყენონ. სინოპტიკოსების პროგნოზით, დაბალი ტემპერატურა და ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება.