გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გზები, პარალიზებული სატრანსპორტო მოძრაობა, წაქცეული ელექტროგადამცემი ხაზები, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი – ასეთი ვითარება შექმნა რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვამ დასავლეთ საქართველოში. სტიქიამ ყველაზე მეტად გურიის რეგიონი დააზარალა. არანაკლებ მძიმე სიტუაციაა აჭარაშიც. თითქმის სამდღიანი პარალიზების შემდეგ ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ განახლდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს ქვედანაყოფების გარდა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ თავდაცვის ძალები, სალიკვიდაციო სამუშაებისთვის იყენებენ თოვლმავალ მანქანებსა და დრონებსაც. რამდენიმე დღით რაიონულ ცენტრებს მოწყვეტამ მაღალმთიან დასახლებებში სურსათის და შეშის დეფიციტი შექმნა, რის გამოც გურიაში დილიდან საკვების და პირველადი მოხმარების ნივთების გადანაწილება დაიწყო. სოფლებს, სადაც გზა თოვლის საფარის სიდიდის გამო ჯერ ისევ არ არის გაჭრილი, დახმარებას ვერტმფრენით და სხვა ალტერნატიული საშუალებებით აწვდიან. დიდთოვლობის გამო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ჯერ ისევ მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. სტიქიას ებრძვიან იმერეთსა და სამეგრელოშიც. ხარაგაულში მაშველები მაღალმთიან დასახლებაში ჩარჩენილი სამი მწყემსის გამოყვანას ცდილობენ.