დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი, სადაც განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები და მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. აღნიშნული შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა – განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 თებერვალს, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს,ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების, ადგილზე მიწოდება. – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროსში.