დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში

ინტენსიურად თოვს აჭარის მთიან რაიონებში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. მოძრაობა სრულად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის, სოფელ პაქსააძეებიდან კურორტი გოდერძამდე მონაკვეთზე. სოფლის ცენტრებიდან დაბასთან დამაკავშირებელ გზებზე კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. თოვლის გამო, ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში 20 ათას აბონენტს არ მიეწოდება უკვე მესამე დღეა თოვს გურიაშიც. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 1 მეტრს მიაღწია. მძიმე ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში წმენდს გზებს, შესაბამისად, გადაადგილების პრობლემა რეგიონში არ არის. თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემა შეიქმნა ორ სოფელში, მაკვანეთსა და წითელმთაში. ენერგო-პრო-ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები უკვე მუშაობენ და დენის მიწოდება უახლოეს საათებში აღდგება.