დიდთოვლობა რეგიონებში – ვითარება აჭარაში

18:04, 23.02.2025

ბათუმის ქუჩებში კი 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასასვლელი არხები. სტიქიამ დააზიანა 80-მდე ხე-მცენარე, რაზეც მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს. გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ბუნებრივი აირის მიწოდება კი უკვე აღდგენილია.

ცენტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, მოქალაქეთა ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა პრობლემა უკვე მოგვარდა. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა ქობულეთში, სადაც შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები სპეციალური ტექნიკით მუშავდება. 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გზა უკვე გაწმენდილია. რაც შეეხება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების მიწოდებას – მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი 400 აბონენტს არ მიეწოდება.

მსგავსი