დიდთოვლობა რეგიონებში

უამინდობამ და უხვმა ნალექმა საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარებაა გურიაში, სადაც საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. იწმინდება მთავარი გზები; შიდა გზებზე კი იყრება ტექნიკური მარილი. გურიაში თოვა გრძელდება.

დიდთოვლობაა ფოთშიც. ინტენსიურად იწმინდება გზები და ტროტუარები. იყრება ტექნიკური მარილი. ქალაქში ელექტროენერგია 6000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა, თუმცა ამ დროისთვის მიწოდება სრულად აღდგენილია. მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. 24 თებერვალს სასწავლო პროცესი ჩერდება საჯარო სკოლებშიც.