დიდთოვლობა რეგიონებში

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა კახეთში. უხვი ნალექისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები გრძელდება ვაზიანი-გომბორი- თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. თოვლმა პრობლემები შექმნა ენერგომომარაგებაშიც, საგანგებო რეჟიმზეა გადასული ,,ენერგო პრო-ჯორჯიას” შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები და მიმდინარეობს ტექნიკური მარილის გაშლა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეგიონში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ინტენსიურად თოვს ბათუმშიც. ნალექს ამ დრომდე განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, მოძრაობს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი, დაფიქსირდა მცირედი შეფერხებები გზებზე, მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, იწმინდება გზები და სანიაღვრე არხები, ასევე გაწმენდილია ზღვაში შემავალი არხებიც.