დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ. სამხედროები, ასევე, დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო ეკიპაჟები დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა დიდთოვლობის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოს. ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ეკიპაჟების დამატების გარდა, მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები, რათა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მობილიზებულია ფარმაცევტული კომპანიებიც, რომლებიც მოსახლეობას მედიკამენტებს უწყვეტად მიაწვდიან.