უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.
სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისგან და ტექნიკური მარილის დაყრა. გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია. გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები. მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ძირითად მიმართულებებზე, თოვლის საფარის გაწმენდა მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ვითარებას. ამ დროისთვის, მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 70-80 სანტიმეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზები იწმინდება, აქტიურადაა ჩართული, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოებიც. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდული არ არის. საგზაო დეპარტამენტის მიერ 12 ერთეული ტექნიკით თოვლის საფარისგან იწმინდება ბობოყვათი-დაგვა-ქვედა აჭყვას მიმართულება, ასევე კვირიკე-ქვედა კვირიკე-ზედა კვირიკეს მონაკვეთი, ქაქუთი-ნაცხავატევის, ალამბარი-ზენითის, მუხაესტატე-ალაბარი-აჭყვისთავის, ასევე ჩაისუბნის, ქობულეთი-ჭახათი-ცხემვანას, ხუცუბანი-გვარას, ციხისძირი-შუაღელეს ცენტრალური გზების მიმართულებები. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს სოფლების ნაწილს. ბუნებრივი აირის მიწოდება გათიშულია მხოლოდ სოფელ ქვედა აჭყვაში, სადაც ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება 350 ოჯახს ჩამოწოლილი მეწყერის გამო.