უამინდობა და უხვი ნალექია საქართველოში. დიდთოვლობამ სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. ბათუმის ქუჩებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასასვლელი არხები. სტიქიამ დააზიანა 80-მდე ხე-მცენარე, რაზეც მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს. გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ბუნებრივი აირის მიწოდება კი უკვე აღდგენილია. ცენტრალური წყალსადენი მილის დაზიანების გამო, მოქალაქეთა ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა პრობლემა უკვე მოგვარდა. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.