დიდი საეკლესიო კრება ახალ პატრიარქს 11 მაისს აირჩევს

21:11, 07.05.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიული დღისთვის ემზადება. თარიღი ცნობილია – 11 მაისს 39 მღვდელმთავარი 142-ე პატრიარქის ასარჩევად შეიკრიბება.

49 წლის შემდეგ დიდი საეკლესიო კრება არჩევნების ჩასატარებლად პირველად გაიმართება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი – ამ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს წმინდა სინოდმა არჩევანი. სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილ კრებას 1 500-მდე დელეგატი დაესწრება. იქნებიან წარმომადგენლები ეპარქიებიდან, თუმცა სიტყვით გამოსვლის უფლებით მხოლოდ ის დელეგატები ისარგებლებენ, რომლებიც პატრიარქობის კანდიდატების ეპარქიებს წარმოადგენენ. 1995 წელს მიღებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქი ხდება ის კანდიდატი, რომელიც სინოდის წევრთა ნახევარზე მეტის ხმებს, ანუ მინიმუმ 20 ხმას მიიღებს. 20 ხმა სინოდის სხდომაზე კანდიდატების შერჩევისას უკვე მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დანარჩენ კანდიდატებს კი სინოდის 7-7-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

როგორია განწყობები წმინდა სინოდში, მოსალოდნელია თუ არა არჩევნების მეორე ტური და რა მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება კრებისთვის, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება – თათია ტაბეშაძე დეტალებით.

მსგავსი