დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფაქტზე  ორი პირი ამხილა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაწარმი შემოიტანეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  610 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.