დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულების ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესი ხმაურით დაიწყო. საბადრაგო სამსახურის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების არგუმენტით, ბრალდებული ცოლ-ქმარი, ცალ-ცალკე ადგილებზე განათავსეს, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. ბრალდებულების თქმით, საქმის განმხილველი მოსამართლე სანქცირებულია და ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დაკავებას თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ. მათი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უარი ეთქვათ დაკავების ადგილიდან სათვალთვალო კამერის კადრების ამოღებაზე, რომელიც მისი თქმით, ნარკოტიკების ჩადებას დაადასტურებდა. ბრალდების მხარე საუბრობს ნეიტრალურ მოწმეებზე – თარჯიმანზე და ნაქირავები ბინის მეპატრონეზე, რომლებმაც პროკურორის თქმით, როგორც პირადი, ასევე სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკების ამოღება დაადასტურეს.

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული, 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათი საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა პევეპე“ ამოიღეს.