დიდი ხუთშაბათი იერუსალიმში
„მოამბე“ წმინდა მიწიდან.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს აღვლენილ წირვას იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძართან მდებარე იაკობ მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაესწრო. საიდუმლო სერობა, წმინდა ზიარების დაწესება, ფეხთბანვა, გეთსემანიის ბაღში უკანასკნელი ლოცვა და იუდას მიერ გაცემა – ქრისტიანული სამყარო დღეს იესო ქრისტეს ცხოვრებიდან ოთხ ეპიზოდს იხსენებს. წირვას ესწრებოდნენ ქართველი მომლოცველებიც. სიმბოლურად განმეორდა სახარებისეული ეპიზოდი და შესრულდა ფეხთბანვის რიტუალი.
იერუსალიმში ვნების კვირაში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, წმინდა მიწაზე ათასობით მომლოცველი არაერთი ქვეყნიდან ჩადის. ყველა წმინდა რიტუალის შესრულების და ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ახლა ყველაზე მძიმე დღისთვის ემზადებიან. ხვალ წითელ პარასკევია, დღე როდესაც ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ხვალ მომლოცველები სიმბოლურად გაივლიან ვია დოლოროსას ტკივილიან გზას, რომელიც მაცხოვარმა გოლგოთამდე გაიარა.